საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში

საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროსა და ახმეტის შემდეგ, დღეს კონცერტები იმართება ყვარელში. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის მოწყობა, სადაც განთავსდება საბავშვო გასართობი და ფოტოგადასაღები სივრცეები, თოვლის პაპა პატარებს საჩუქრებს გადასცემს. მთელი დღის მანძილზე ანიმატორები და ბავშვების საყვარელი გმირები მათ გამხიარულებასა და  საახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ. საღამოს დაასრულებს კონცერტი. ღონისძიებები კახეთის რეგიონის პარალელურად დილიდან მიმდინარეობს რუსთავში. რეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში 14 საათიდან ლიტერატურული თეატრის წარმოდგენა დაიწყება. 15 საათზე კი, ილუზიონისტის შოუ და დრამერების მსვლელობა. სანტა კლაუსი პატარებს საჩუქრებით დახვდება. 18 საათზე, საახალწლო სოფელში მოწყობილ სცენაზე კონცერტი დაიწყება. საახალწლო ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გრძელდება. ადიგენში მზადება დილიდან დაიწყო. მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაცულია კოვიდრეგულაციები.