სააკაშვილთან მნახველების შესვლა იზღუდება

მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტთან ვიზიტების რაოდენობა იზღუდება.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების ვიზიტი მხოლოდ სპეციალური ნებართვით იქნება შესაძლებელი. შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ეყრდნობა და შეზღუდვის მიზეზად მსჯავრდებულის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვაა დასახელებული. მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის ადვოკატი პატიმრის იზოლაციაში მოქცევის მცდელობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მნახველების შეზღუდვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. პარალელურად, პოლიტიკურ წრეებში კვლავ განხილვის საგანია ექს-პრეზიდენტის შეწყალების თემა. მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს უკრაინელად მიიჩნევს, მისი თანაგუნდელების ნაწილი სააკაშვილის რუს ტყვეებში გადაცვლას უკრაინის პრეზიდენტისგან მოითხოვს, მეორე ნაწილი კი ექს-პრეზიდენტის შეწყალებას სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება.