სააკაშვილის უარი კათოლიკოს პატრიარქის თხოვნაზე

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას არც პატრიარქის თხოვნით წყვეტს.

ყოფილი პრეზიდენტი ალტერნატიული სამედიცინო კომისიის დაშვებამდე ექიმების არსებული ჯგუფის მიერ დანიშნულ სამედიცინო კვლევებზეც უარს ამბობს. ანალიზის ბოლო პასუხებზე დაყრდნობით ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას ნებისმიერ წუთს ელოდებიან. სამოქალაქო კლინიკაში სასწრაფოდ გადაყვანის მოთხოვნა უცვლელია. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტში შიმშილობას განაგრძობს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. დეპუტატის მხრიდან პროტესტის ამ ფორმის გამოხატვას ოპოზიციური სპექტრის ნაწილი არ ეთანხმება, თუმცა ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვს. უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია.