სააკაშვილის სასამართლო პროცესი

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირველი გამოჩენა სასამართლო პროცესზე.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ყოფილი პრეზიდენტი დღეს დისტანციურად და მხოლოდ რამდენიმე წუთით დაესწრო. სიტყვით გამოსვლა ამჯერად არ ყოფილა – ექს-პრეზიდენტი უკრაინულ ენაზე მიმართვას ცდილობდა. აქციის ფონზე მიმდინარე პროცესის დროს სიტუაცია დარბაზში რამდენჯერმე გამწვავდა. პატიმრობის დროს შეძენილი და პროგრესირებადი დემენცია – ეს არის ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის მიერ დასახელებული დიაგნოზი, რომლის საფუძველზე ერიკ გოლდსმიტი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას და უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ექსპერტი, რომელიც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეა, პოსტ-ტრავმული აშლილობის გამწვავებას პროგნოზირებს და ლეტალურ შედეგსაც არ გამორიცხავს. სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მომდევნო კვირას, სავარაუდოდ ადგილობრივი ექიმების გამოკითხვით გაგრძელდება.

შემდეგი პროცესი 29 დეკემბერს ჩაინიშნა.