სააკაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრაილერის მძღოლი, ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაიკითხა. მისი ხელახალი დაკითხვა საქმის მოსამართლის ცვლილების გამო გახდა საჭირო. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა ცომაიას დაკითხვას არ დაესწრო. ცომაიას თქმით, სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა მას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, უკრაინაში მყოფმა გია ლორთქიფანიძემ სთხოვა. დღევანდელ პროცესზე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა. ბექა ბასილაიას თქმით, ამის აუცილებლობა აღარ არის, რადგან პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ბრალდების მხარის განმარტებით კი, ამ ეტაპზე არ გამოვლენილა ახალი გარემოება, თუ რატომ უნდა შეეცვალოს სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაიზიარა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.