სააკაშვილის სასამართლო პროცესი

პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში საქალაქო სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ მოექცა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობაზე იმსჯელა. დაანონსების მიუხედავად, პროცესში მონაწილეობა არ მიუღია ექს-პრეზიდენტს, რომელიც დისტანციურ ჩართვას ითხოვდა. მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ეს დრო მისცა მოსამართლემ პენიტენციურ სამსახურს იმისთვის, რომ კლინიკიდან ყოფილი პრეზიდენტის დისტანციური მონაწილეობა უზრუნველყოს და სააკაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი სამედიცინო დასკვნები და დოკუმენტაცია შეისწავლოს. საუბარია „ემპათიის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე და სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმის შეფასებებზე, რომელთა გასაცნობად პენიტენციური სამსახური ერთ თვეს ითხოვდა. დღევანდელმა პროცესმა აქციის ფონზე ჩაიარა.