სააკაშვილის სასამართლო

თვენახევრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გამოჩნდა.

ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივა მედიდან“ დისტანციურად ჩაერთო. რამდენიმე წინადადებიანი გამოსვლა ექს-პრეზიდენტმა ძირითადად საკუთარ ავადმყოფობაზე საუბრისთვის გამოიყენა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ვიზუალურად დემონსტრირებაც სცადა. ჯანმრთელობის მკვეთრი დამძიმება დაადასტურეს იმ ექიმებმაც, რომლებიც ცენტრ „ემპათიის“ და სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნების ავტორები არიან. მედიკოსები ორ მთავარ დიაგნოზზე – დემენციაზე და კახექსიაზე საუბრობენ და წონის კლების გაგრძელების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე პროგნოზებს აკეთებენ. თუ მათ ჩვენებებს დავეყრდნობით, ექს-პრეზიდენტი საკვებს ვერ იღებს. პროცესი ამჯერადაც ხმაურიანი აღმოჩნდა. ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი დარბაზიდან გააძევეს.