სააკაშვილის საქმე - შეფასებები

მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.

დაკავებიდან მეორე დღეს ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ გამოტანილ ორივე განაჩენს, ისევე როგორც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს, ყალბს და მოგონილს უწოდებს და ამომრჩევლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს. უკრაინის მოქალაქის და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის დაკავების გამო განმარტებები ოფიციალურმა კიევმა საქართველოს დროებითი რწმუნებულისგან მიიღო, რომელიც დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა. „უკრაინა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს“, – ასეთია კიევის პოზიცია.

საიდან და როგორ შემოვიდა ექს-პრეზიდენტი საქართველოში და რატომ გაიგო საზოგადოებამ მისი დაბრუნების შესახებ სააკაშვილის „ფეისბუქ“-გვერდიდან – დაკავების სპეცოპერაცია ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც დაემატა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გზა უკრაინიდან სანზონამდე გაკონტროლებული იყო, რასაც გამორიცხავს ოპოზიცია. ოპონენტების მთავარი არგუმენტი მმართველი პარტიის ლიდერების გუშინდელი განცხადებებია.