სააკაშვილის საქმე - პოლიტიკური შეფასებები

ჰქონდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლის დროს ალტერნატიული სცენარი, – ეს კითხვა ყოფილი პრეზიდენტის იმ ვიდეოჩანაწერმა გააჩინა, სადაც ის თავს გატაცებულად აცხადებს.

ვიდეო დიდი ალბათობით იმ სატვირთო მანქანაშია გადაღებული, რომლითაც ის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგომში შემოვიდა. ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცის, ვინ მოიტაცა და სად მიჰყავთ და არც იმაზე ფლობს ინფორმაციას, თუ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები არიან ჩართულები. პროკურატურის განცხადებით ირკვევა, რომ ვიდეოჩანაწერი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეში ნივთიერი მტკიცებულების სახით დევს. მმართველ გუნდს ეს ვიდეო კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ უკრაინის მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილის გუნდი უკომენტაროდ ტოვებს.