სააკაშვილის საქმე

მეხუთე დღე პატიმრობაში.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს და მისი დაკავების შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო მადლობას უხდის. ოფიციალურ კიევს უკრაინის მოქალაქის და უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის ექსტრადირების მოთხოვნა ჯერ არ დაუყენებია, თუმცა ქართული მხარე იურიდიული საფუძვლის არ არსებობის არგუმენტით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ისევე როგორც გათავისუფლების სხვა მექანიზმების გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს. ოპოზიციის მიერ რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩამოსული სააკაშვილი მის წინააღმდეგ გამოტანილ ორივე განაჩენს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს. დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში ექს-პრეზიდენტის საქმეების განხილვას პოლიტიკური კონტექსტი აქვს ოპოზიციისთვისაც, თუმცა ასეთი განწყობა არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილისთვის ის პოლიტპატიმარია.

პოლიტიკური განცხადებების ფონზე ხელისუფლებას ის ადამიანები მიმართავენ, რომლებიც სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალდნენ.