სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები

ერთიანობა და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებისთვის – ასეთია მიხეილ სააკაშვილის ახალი წინასაარჩევნო მოწოდება ორად გახლეჩილი „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ერთი წლის წინ პოლიტიკიდან დისტანცირების გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადა, პოლიტიკური თვალსაზრისით სულ უფრო აქტიურდება და პარტიის ხელმძღვანელობის პირობას დებს. ამის დასტური იყო სასამართლო პროცესზე დღევანდელი ჩართვაც, რომელიც ექს-პრეზიდენტმა ამჯერადაც პოლიტიკური დავალებების გასაცემად გამოიყენა. ხაბეიშვილისადმი საჯარო მხარდაჭერის მიუხედავად, როგორც ჩანს, სააკაშვილსაც აწუხებს გარემოება, რის გამოც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ახალ მენეჯმენტს მწვავედ აკრიტიკებს. იგულისხმება პოლიტსაბჭოდან ძველი სახეების გაქრობა. 23 ნოემბერს გაირკვევა, დაესმება თუ არა წერტილი პარტიის შიდა განხეთქილებას და შეუერთდება თუ არა ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებული მელიას გუნდი სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ერთიანობის მანიფესტს. წინასწარი კომენტარები და განწყობები ერთობის მიღწევის პერსპექტივას არ აჩენს. დოკუმენტზე ხელის არ მოწერის შემთხვევაში მოქმედი თავმჯდომარე ყოფილს გარიცხვით ემუქრება.