სააკაშვილის მორიგი განაჩენი - 12 წელი და ექვსი თვე  

12 წელი და ექვსი თვე – ასეთია განაჩენი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ გამოუტანა. ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და ოთხი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლემ ამჯერად არა სასჯელთა შთანთქმის, არამედ ნაწილობრივი შეკრებითობით იხელმძღვანელა და პატიმრობის ვადას 5 დღის წინ კიდევ ერთ საქმეზე, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე გამოყვანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაუმატა. პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას იმ არგუმენტით ხსნის, რომ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის დროს ორ სხვა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე ჰქონდა გამოტანილი. მიხეილ სააკაშვილი თავს პუტინის მსხვერპლად, სასამართლოს გადაწყვეტილებებს კი სამარცხვინოდ აცხადებს. ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ხუთი საქმიდან ოთხ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. დარჩენილია 7 ნოემბრის აქციის დარბევის და „იმედში“ შეჭრის საქმე, რომელშიც სააკაშვილთან ერთად ოთხი ექს-მაღალჩინოსანია ბრალდებული.