სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა - ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს

დანაშაულის აღიარების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული პირები კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე, რომელსაც ოთხი ფიგურანტი ჰყავს. ოთხივე მათგანს გამოძიება ძებნილი ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის შესახებ ინფორმაციის დამალვას ედავება, მათ შორის ელგუჯა ცომაიას საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებაც აქვს წაყენებული. პროკურატურის მასალების მიხედვით, 28 სექტემბერს ექს-პრეზიდენტმა ოდესიდან ფოთის პორტისკენ დაძრულ გემზე დატვირთული იმ სატრანსპორტო საშუალებით გადმოკვეთა ქვეყნის საზღვარი, რომელიც სწორედ ცომაიას ეკუთვნოდა. სასამართლოზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი უკრაინაში მყოფ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსან გიორგი ლორთქიფანიძეზეც, რომელსაც გამოძიება დანაშაულებრივი გეგმის ორგანიზატორად მიიჩნევს. ბრალდებულებს ახლა უკვე სხვა ადვოკატები ჰყავთ, რადგან წინა უფლებადამცველების აცილება თავად მოითხოვეს. საუბარია იმ ადვოკატებზე, რომლებიც პარალელურად სხვა საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ.