სააკაშვილის ლობისტების საქმიანობა

რა შეუკვეთა და რა მიიღო სააკაშვილის ოჯახმა ლობისტური კომპანიებისგან. შეკვეთილი სტატიები, ევროპარლამენტისთვის შეთავაზებული რეზოლუცია, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად ამერიკელ სენატორებთან მუშაობა, მასალები, რომლებსაც ლობისტური კომპანიები მედიასაშუალებებისთვის ამზადებდნენ და საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდნენ, თითქოს სააკაშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, სააკაშვილის ოჯახი და მათ შორის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი, მსჯავრდებულის ბიძა, თემურ ალასანია სწორედ ამ საქმიანობისთვის უხდიდა ლობისტურ კომპანიებს სოლიდურ თანხას. მასალა მიმდინარე წელს გამოქვეყნებული პირველი მტკიცებულება არ არის. სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებული კამპანიისთვის პატიმრის ოჯახს დეკლარირებულად მილიონამდე დოლარი უკვე გადახდილი აქვს. დოკუმენტები კი აშშ-ში მოქმედი კანონმდებლობის – ფარას შესაბამისად გასაჯაროვდა.

მართალია, როგორც აშშ-ს ელჩი საქართველოში აცხადებს, მისივე ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს არ იცნობს, თუმცა, საჯარო ინფორმაციით, სწორედ ამერიკის საელჩოს დახმარებითა და ოფიციალურ პირებთან პოლონეთში კომუნიკაციით უნდა მოეხერხებინა ლობისტურ კომპანიას, მიეცათ პოლონელი ექიმებისთვის სააკაშვილის მკურნალობის უფლება.

დოკუმენტების მიხედვით, ლობისტური კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან იგეგმებოდა აშშ-ში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა და სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბარი.

ხმაურიანი დოკუმენტების პოლიტიკური შეფასებები ნახეთ თამარ წიკლაურის სიუჟეტში.