სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მხარეთა პოზიციები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები პოლიტიკური დღის წესრიგის თემად რჩება.

ოჯახი და თანაგუნდელები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და დროულად ითხოვენ პასუხს მიმართვაზე, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ეხება. ამ შუამდგომლობას თან არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ მომზადებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა ერთვის, რომლის შინაარსი და კონკრეტული დიაგნოზები ამ დრომდე არ არის გასაჯაროებული. მალე კიდევ ერთი დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. ის სახალხო დამცველის ოფისთან არსებული სამედიცინო კონსილიუმის წევრებმა უნდა მოამზადონ, რომლებიც გუშინ ომბუდსმენთან ერთად „ვივამედში“ იმყოფებოდნენ. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება თუ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება – ამ თემაზე ხელისუფლების და ოპონენტების პოზიციები ერთმანეთს სულ უფრო შორდება.