სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - მხარეთა პოზიციები

9 დეკემბერს გაირკვევა, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას გულისხმობს.

მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ მომზადებული დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა ერთვის, სადაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე და მოწამვლაზეა საუბარი და სააკაშვილის ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში გადაყვანაა მოთხოვნილი. კლინიკა „ვივამედის“ ხელმძღვანელი პატიმრის სასიცოცხლო პარამეტრებს ამ ეტაპზე სტაბილურად აფასებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკვების სრულფასოვნად არ მიღების გამო, ზონდით კვებაზე გადაყვანა გახდეს საჭირო. ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება თუ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება – ამ თემაზე ხელისუფლების და ოპონენტების პოზიციები ერთმანეთს სულ უფრო შორდება. პოლიტიკურ სპექტრში რეზონანსული აღმოჩნდა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელი მიმართვა.