სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სტრასბურგის სასამართლოს განმარტება

გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა ვნებათაღელვის და პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემაა.

ქვეყნდება ახალი კადრები მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან იმის სადემონსტრაციოდ, რომ ციხის საავადმყოფო მულტიპროფილური კლინიკის ყველა სტანდარტს და პირობას აკმაყოფილებს. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად სახალხო დამცველი სამედიცინო ექსპერტთა საბჭოს ქმნის და რეგულარულ მონიტორინგს გეგმავს. მე-18 დაწესებულებაში შესვლას აპირებს დეპუტატთა ჯგუფიც. თუმცა, ციხის საავადმყოფოში არსებულ გარემოს შიმშილობის და შიმშილობის შემდგომი პერიოდის სამართავად აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და თანამოაზრეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დღის წესრიგიდან არ ხსნიან. ამავე პოზიციაზეა უკრაინის სახალხო დამცველიც, რომელსაც პატიმართან შეხვედრის უფლება არ მისცეს. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანამ სტრასბურგიდან მეორე გზავნილი მიიღო. შიმშილობის შეწყვეტისკენ მოწოდების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ციხეში ექს-პრეზიდენტის უსაფრთხოების და მისთვის სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე მიუთითებს, გამოუსწორებელი ზიანის რისკის შემთხვევაში კი დროებითი გადაუდებელი ზომების მიღებასაც არ გამორიცხავს.