სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისევ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

შიმშილობიდან 25-ე დღეს ადვოკატები და თანაგუნდელები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას ყოველ წუთს პროგნოზირებენ. მთავარი მოთხოვნაა, რომ ექს-პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამ შემთხვევაში ისინი სახალხო დამცველის განცხადებას ეყრდნობიან, რომლის მიხედვით ციხის სამკურნალო დაწესებულება ექიმთა კონსილიუმის შედეგად მოთხოვნილი კვლევების ჩატარებას ვერ უზრუნველყოფს. ომბუდსმენი სხვა პატიმრებისგან მოსალოდნელ საფრთხეებზეც აკეთებს აქცენტს. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ციხის საავადმყოფო ყველა საჭირო აპარატით არის აღჭურვილი და სააკაშვილის მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. ექიმთა ჯგუფის მიერ 23 ოქტომბრით დათარიღებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში რეკომენდირებულია მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობა. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა ინტერპრეტაციების საგანი.