სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აქცია ციხესთან

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი გზავნილი ეროვნული შერიგების დაწყება და ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან, შემდეგ კი ხალხთან თანხმობის მიღწევაა.

ამ დავალებით დატოვა ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ციხე ვალერი გელბახიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უმძიმეს დანაშაულში იყო ბრალდებული. პარალელურად ყოფილი მმართველი პარტია საპროტესტო აქციების რეჟიმშია გადასული. რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორია დღესაც სააკაშვილის თანაგუნდელების და მხარდამჭერების შეკრების ადგილი იყო. აქციის ორგანიზატორთა და მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ადგილზე შეკრებილები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მკვეთრად გაზრდილ რისკებზე საუბრობენ. სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს, იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დაკომპლექტებულ მედიკოსთა კომისიას უნდობლობას უცხადებს და სხვა ექიმებისგან შემდგარი ჯგუფის კონსილიუმს ითხოვს.