სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადვოკატების მოთხოვნა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის თემა ხდება.

თანაგუნდელები და ოჯახის წევრები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. მთავარი მოთხოვნაა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად კლინიკა „ვივამედში“ ამერიკელი ექსპერტი, ჯეიმს კობი შევიდეს. თუმცა, საექიმო საქმიანობის უფლების მისანიჭებლად სამედიცინო რეგულირების სააგენტო დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს. დამძიმდა თუ არა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა – წინა თვეების მსგავსად, ამჯერადაც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება. „ვივამედის“ ხელმძღვანელის ინფორმაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების და ახლობლების კომენტარებს არ ემთხვევა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორი სასიცოცხლო პარამეტრების კრიტიკულ ზღვრამდე მისვლას არ ადასტურებს. მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციური პარტიის წევრთა ბრალდებები მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა.