სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოს რეკომენდაციით მიმართავენ მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც.

ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვა – ასეთია მოწოდება სტრასბურგიდან ხელისუფლების და ექს-პრეზიდენტის ოჯახის მისამართით. იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი შეთავაზება პატიმრის გარემოცვისთვის არაერთხელ აქვს გაკეთებული, თუმცა ოჯახი ხელისუფლებას პროცესის განგებ ხელშეშლაში ადანაშაულებს. ახლა საინტერესოა, შეიცვლება თუ არა სიტუაცია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრების რეკომენდაციის შემდეგ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის თემას ზედმეტად პოლიტიზირებულად მიიჩნევენ. ამ შეფასებას სრულად იზიარებს მმართველი გუნდი, რომელიც ექს-პრეზიდენტის პარტიას საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის გადაწყვეტის გარეშე დეპოლარიზება წარმოუდგენლად მიაჩნია ოპოზიციას. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებას არც კლინიკა უარყოფს, თუმცა სადავოა საკითხი, რა იწვევს წონაში კლებას, რაც პატიმრის ჯანმრთელობას ამძიმებს – საკვების არ თუ ვერ მიღება.