სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მონიტორინგის ჯგუფი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კვლავ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება.

პოლიტიკური სპეკულაციების გამოსარიცხად და პროცესის სრული გამჭვირვალობისთვის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მონიტორინგი იგეგმება. ამ მიზნით იქმნება სპეციალური ჯგუფი სახალხო დამცველის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების და ექიმების შემადგენლობით. იუსტიციის სამინისტროს მიმართვის შემდეგ მედიკოსების ჯგუფი უკვე გამოყო ჯანდაცვის სამინისტრომ. როგორც ადვოკატების კომენტარებიდან ირკვევა, ექს-პრეზიდენტი მონიტორინგის წინააღმდეგი არ არის, თუმცა საკანში მისი პირადი ექიმის დაშვებასაც ითხოვს.

სააკაშვილის ინტერესების დამცველები მსჯავრდებულის უფლებების უხეშ დარღვევასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ, პარტიის მთავარი მოთხოვნა მათი ლიდერის დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა.