სააკაშვილის გზავნილი და პოლიტიკური შეფასებები

ორი გზავნილი ერთდღიანი ინტერვალით და ოპოზიციური პარტიების მწვავე რეაქციები.

მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი და დღევანდელი განცხადებები ოპოზიციურ სპექტრში ცალსახად ნეგატიურად ფასდება. ჯერ კიდევ გუშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატმა, წინა მიმართვების მსგავსად, კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივა გამორიცხა და უმრავლესობის ფორმირება მხოლოდ საკუთარ პარტიას უწინასწარმეტყველა. მის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვები „პარტიუკები“ და „პოლიტიკანებიც“, რომლებსაც უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელმა უნდობლობა გამოუცხადა. უკვე დღეს ტონი ოდნავ შერბილდა, თუმცა მთავარი გზავნილი დიდად არ შეცვლილა. ამჯერად მან პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის ალბათობა დაუშვა, მაგრამ კოალიციური მთავრობის იდეის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებზე უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის.