სააკაშვილის გზავნილები ციხიდან და სოლიდარობის აქციები

პარლამენტში სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გრძელდება.

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პროტესტის უკიდურეს ფორმას მესამე დღეა მიმართავს. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდოს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი ისევ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. თუ ადვოკატს დავეყრდნობით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას მეხსიერების მწვავე პრობლემებიც აქვს. საპირისპიროს ამტკიცებს თავად პატიმარი, რომელმაც ციხიდან დღეს ახალი მოწოდებები გაავრცელა. ექს-პრეზიდენტი 30 ოქტომბერს საარჩევნო რევოლუციად მიიჩნევს. ერთდროულად რამდენიმე ადგილზე აქციები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, – ეს მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილია. თუმცა მისი წერილობითი მიმართვები ციხესთან შესაძლოა აღარ წაიკითხონ. ნიკა გვარამია საკომუნიკაციო პლატფორმად მხოლოდ „ფეისბუქის“ გამოყენების მომხრეა.