სააკაშვილის გეგმა - პოლიტიკური შეფასებები 

„შეხვედრამდე თბილისში“ – ასე სრულდება ახალი მიმართვა მიხეილ სააკაშვილისგან, რომელიც საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს ღამით აანონსებს.

კიევი-თბილისის რეისის ელექტრონული ბილეთის მიხედვით, ის დედაქალაქში ღამის 12-ის ხუთ წუთზე უნდა იყოს, ანუ საარჩევნო უბნების დახურვიდან სამი საათის შემდეგ. უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მოახლოებულ არჩევნებს რეფერენდუმად აცხადებს და ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ ხალხს ხმების დასაცავად გამოსვლისკენ მოუწოდებს.

საზღვრის გადმოკვეთისთანავე სააკაშვილს დაკავებას ჰპირდება მმართველი გუნდი, რომელიც ექს-პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებას ოპოზიციის ნაწილის მიერ დესტაბილიზაციისთვის მომზადებული სცენარის ნაწილად განიხილავს.

ხელისუფლების მსგავსად, საქართველოში ჩამოსვლის მორიგ დაპირებას არასერიოზულად და სკეპტიკურად უყურებენ ცალკეული ოპოზიციური პარტიებიც. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა პოლიტიკურ პროცესებზე და კოალიციურ მიზნებზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ასე არ ფიქრობს თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „შუა გაკრეფილად“, ხოლო მისი გუნდის გარდა ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია ურეიტინგოდ გამოაცხადა.