სააკაშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები 

რეზონანსული აღმოჩნდა 2008 წლის ომის დღეებზე მიხეილ სააკაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ.

მმართველმა გუნდმა ექს-პრეზიდენტის განცხადებებში დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელი და არადიპლომატიური გზავნილები ამოიკითხა. 11-წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შეფასების დროს ყოფილმა პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი იყო და სწორედ მისი შუამავლობით გაფორმდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სააკაშვილმა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია გერმანიის ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ასევე უარყოფითად შეაფასა გერმანიის როლი და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებასა და ფარისევლობაში დაადანაშაულა ევროპა. თუმცა 11 წლის შემდეგ გაკეთებული შეფასებები 2008 წელს თავად სააკაშვილის განცხადებებთან მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის.