სააკაშვილის განცხადება – პოლიტიკური შეფასება
მიხეილ სააკაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ილია მეორეს კომპლექსურ ადამიანად მოიხსენებს და ამბობს, რომ 2014 წელს მის მიერ პუტინთან გაკეთებულ განცხადებას ისტორია მკაცრად შეაფასებს. ფეისბუქპოსტში ვკითხულობთ:
„2014 წელს პატრიარქი ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა: „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემ გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ, ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი. თუმცა, მეორე მხრივ, მე მახსოვს ისიც, როგორ მიჭერდა ილია II მხარს ხუთჯვრიანი დროშის დამკვიდრებაში.
პატრიარქს ბოლოს ბერლინში შევხვდი, 2017 წელს, შრიტეს კლინიკაში. მე და გიულიმ მოვინახულეთ, შეხვედრას ესწრებოდა შორენა თეთრუაშვილი და ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა, რომლის დროსაც პატრიარქს ჩემზე ხელი ჰქონდა ჩამოკიდებული და სულ მიმეორებდა: „თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში“. ჩემი დაბრუნების შემდეგ პატრიარქი უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ და საპატრიარქოს რეაქცია რაც იყო, ჩემს და სხვების დატყვევებაზე, მგონი, გვახსოვს. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ერთმნიშვნელოვნად თეთრი და შავი არ არსებობდა, თუმცა რაც ახლა ხდება, ეს არის სიბნელის მოძლიერება და საბოლოოდ გამეფების მცდელობა,“ – წერს სააკაშვილი. ამ განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.