სააკაშვილის განცხადება მოკლული როინ შავაძის საქმეზე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს მოკლული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის შესახებ ისაუბრა და მას მოღალატე უწოდა. როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს, რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში, – განაცხადა სააკაშვილმა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, როინ შავაძის მეუღლე პასუხობს. ციცინო შავაძის განცხადებით, მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოკლეს.
„გაოცებული ვარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით. კაცი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ტელევიზიებით გამოდიოდა და აცხადებდა, სად იდგა ჯარი, სხვას აბრალებს ღალატს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როინ შავაძე თავდადებული მებრძოლი იყო“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.