სააკაშვილის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის მიერ ვარშავაში გაკეთებული განცხადების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს განმარტებების გაკეთება უწევთ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შეფასებას მისი ყოფილი თანაგუნდელებიც მწვავედ აკრიტიკებენ. საუბარია პოლონეთის დედაქალაქში სააკაშვილის გამოსვლის იმ ნაწილზე, სადაც ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა დასავლეთის ქვეყნები კოლონიალისტურ მიდგომებში დაადანაშაულა.

უკრაინელებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა ან წარმატებული საქართველო ევროპის ინტერესებში არ შედის.

12 აპრილს გამართული დისკუსიის ამ ფრაგმენტში კრემლის რიტორიკა ამოიკითხა მმართველმა გუნდმა, რომლისთვისაც ვარშავაში ნათქვამი სიტყვები სააკაშვილის საგარეო კურსის გასაკრიტიკებლად კიდევ ერთი არგუმენტი აღმოჩნდა.