სააკაშვილის განაჩენი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე

10-წლიანი სასამართლო განხილვები დასრულებულია – ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლემ დამანაშავედ სცნო და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ბიუჯეტის თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანაშიას კი ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა. საუბარია ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაზე, რომელიც გამოძიების და ახლა უკვე მოსამართლის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილმა პირადი, ასევე ოჯახის წევრებისა და საკუთარი გარემოცვის კომფორტისთვის გამოიყენა. მათ შორისაა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურისთვის, სტილისტებისა და მასაჟისტების მომსახურებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისა და საჩუქრების შესაძენად საჭირო ხარჯები. დღევანდელი განაჩენით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელიც გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, პატიმრობაში ყოფნა 2030 წლამდე მოუწევს.