სააკაშვილის გადაწყვეტილება

სალომე ზურაბიშვილი ამბობს სადღეგრძელოებს ოკუპაციასა და ევროპაზე, თუმცა ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან მიმართებაში, არ განსხვავდება რუსული პარტიული ხაზისგან, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ გაგზავნილ წერილში წერს.

სააკაშვილი პასუხობს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამავე გამოცემას ინტერვიუ მისცა. ზურაბიშვილი ინტერვიუში აცხადებს: „მრავალ ადამიანს უთხოვია შეწყალება, თუმცა, მათ ვუხსნიდი, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი სწორედ ქართველი ხალხის გამო, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წელი გამოიარა“. სააკაშვილი წერს, რომ მისი დაკავება პუტინმა პირადად დაავალა ბიძინა ივანიშვილს და ორი მილიარდი დოლარი მისცა. „პუტინმა ვერ მაპატია პირველი უკრაინული მაიდნის მხარდაჭერა 2004 წელს და ის, რომ მე არ შემოვუშვი მისი არმია თბილისში და დავიცავი საქართველოს სახელმწიფოებრიობა 2008 წელს. შემდეგ ომი დაიწყო და აღმოვჩნდი პუტინის პირადი პატიმარი. მომწამლეს, მაწამეს. მასამართლებენ თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით“, – წერს ყოფილი პრეზიდენტი. ის მადლობა უხდის ზელენსკის მხარდაჭერისთვის. „რაც შეეხება ზურაბიშვილს. ის გამოირჩევა პირფერობით და არასდროს აკეთებს იმას, რაც არ აწყობს ივანიშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.