სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

უკრაინაში საქართველოს ელჩი თბილისშია გამოძახებული.

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი კიევიდან კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. თეიმურაზ შარაშენიძის დროებით გამოწვევა მიხეილ სააკაშვილის ახალ თანამდებობას უკავშირდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს უხელმძღვანელებს. ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს შესაძლოა რეფორმირების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი დაეკავებინა. ამ ცნობას მაშინვე მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების და მმართველი პარტიის ლიდერთა მწვავე რეაქციები. თუმცა, მხარდაჭერის ნაკლებობის გამო საკითხი რადაში კენჭისყრამდეც ვერ მივიდა.

ოფიციალური თბილისი ხაზს უსვამს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ გადაიხედება, თუმცა არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხების გაცემაა საჭირო.