სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება - პოლიტიკური შეფასებები

მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მზადება დაიწყო.

პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ექს-პრეზიდენტის მშვიდობიანი დაბრუნების უზრუნველსაყოფად მოძრაობა შექმნა. „კანონი და სამართლის“ ლიდერი ხელისუფლებას შერიგების პროცესის დაწყებას სთხოვს და იმ ზომებზე აფრთხილებს, რასაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემთხვევაში მიმართავს. ჩარკვიანი მოსალოდნელ ნებისმიერ ექსცესზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მხარდამჭერთა შეკრება მშვიდობიანი იქნება. უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის გეგმებზე ბევრი არაფერი იციან მის პარტიაში, სადაც ორაზროვანი და დიპლომატიური განცხადებები კეთდება. დანარჩენ ოპოზიციას კი სააკაშვილის დაბრუნებაში ეჭვი ეპარება. პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ საზღვრის გადმოკვეთისთანავე მიხეილ სააკაშვილი და მისი დაკავების ხელის შემშლელი ყველა პირი დაკავებული იქნება.