სააკაშვილის ახალი დავალებები ოპოზიციას

გაიზიარებს თუ არა ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ ინიციატივას – პოლიტიკურ პარტიებში მოლოდინები არაერთგვაროვანია. „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანობის კომიტეტში გაერთიანებას მიესალმება. პარტია „გირჩის“ წევრები კი ფიქრობენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გაირკვეს, თუ რას მოიაზრებს სააკაშვილის მიერ დაინიცირებული „სუპერ-პაკი“. პარტია „ლელო“ გამორიცხავს აღნიშნულ კომიტეტში გაერთიანებას. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი შეფასებით, სააკაშვილის ინიციატივა არა სხვა ოპოზიციური პარტიებისკენ, არამედ „ნაციონალური მოძრაობისკენაა“ მიმართული. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა გაერთიანდეს და ეს უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.