სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას აანონსებს

ყოფილმა პრეზიდენტმა თვეების წინ დაფიქსირებული პოზიცია შეცვალა – მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. თითქმის ერთი წლის წინ, ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანიდან მალევე, ექს-პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისტანცირების სურვილი საჯაროდ გამოაცხადა და პრიორიტეტად მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა გამოაცხადა. მას შემდეგ იყო არაერთი საპროტესტო აქცია, ლობისტური კამპანია და სასამართლო პროცესები, რომელსაც სტრასბურგმა დაუსვა წერტილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. გადაწყვეტილებიდან მალევე სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში მანამდე მხოლოდ უკრაინაზე წერდა, საკუთარ პარტიას და პროევროპულ ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს, საკუთარი პოზიციის შეცვლის მიზეზად კი ქვეყნის გარუსების მცდელობას ასახელებს. უკრაინის მოქალაქე ექს-პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

თამუნა წიკლაური არკვევდა, რას შეცვლის სააკაშვილის პოლიტიკური გააქტიურება შიდა დაპირისპირების გამო ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო გეგმაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა წინასაარჩევნო გაერთიანებისკენ ხაბეიშვილის მოწოდებას ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარით უპასუხა.