სააკაშვილი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ დახსნას ითხოვს

როგორც ჩანს, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წინასაარჩევნო დღის წესრიგში ლიდერის გათავისუფლების საკითხიც გააქტიურდება.

მოთხოვნას ამჯერად თავად მიხეილ სააკაშვილი აყენებს. კლინიკაში მყოფი ექს-პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად აცხადებს და ხალხს მოუწოდებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნან. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დამფუძნებლის მოთხოვნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის გუშინდელ ანგარიშს ეყრდნობა, რომელიც პოლიტიკურმა სპექტრმა სხვადასხვანაირად წაიკითხა. სამედიცინო მომსახურების და კლინიკაში არსებული პირობების დადებით შეფასებებთან ერთად დოკუმენტი ცალკეულ შენიშვნებსაც მოიცავს. მმართველი გუნდი სააკაშვილის გაშვების მოწოდებას მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ მტკიცებულებებს უპირისპირებს.

საკითხზე ერთიანი პოზიცია არც ოპოზიციურ ფლანგზეა. საკითხი შიდა დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, რომლის ახალი მენეჯმენტი თავის დროზე ლიდერის გათავისუფლების პირობას დებდა. შიდა არჩევნებიდან ერთი წლის თავზე შეუსრულებელი დაპირების გამო პარტიიდან წასულ მელიას გუნდს ყოფილ თანაგუნდელებთან კითხვები აქვს.