ივლისში ყველა თანამდებობის პირს პარტიაში უმთავრდება ვადა. აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს. ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი წერს, ნანუკა ჟორჟოლიანი, გამარჯვების შემთხვევაში, რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან. მისი თქმით, ცვლილებები იქნება არა კოსმეტიკური, არამედ ძირეული. სააკაშვილის აზრით, ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა, რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.
სააკაშვილის განცხადებას თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პოსტი მისთვის უკიდურესად სამწუხაროა. „ასეთმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“ – აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე.