სააკაშვილი ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ

 მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებისა და კრიტიკის სამიზნე ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ხდება. ჰოლანდიელ დეპუტატ ტინი კოქსს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და რომელმაც საარჩევნო პროცესს დადებითი შეფასება მისცა, ექსპრეზიდენტმა რუსეთის აგენტი უწოდა, მისი დასკვნა კი „ეფესბეს“ დასკვნასთან გაათანაბრა.

მსგავსი რიტორიკა კოქსის მისამართით დღეს „ევროპული საქართველოდანაც“ გაისმა. სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ის ადამიანი, რომელმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი და მშვიდობიანი უწოდა, ისაუბრა ხარვეზებზეც და დაანონსებულ აქციებსაც გამოეხმაურა. „კენჭისყრის და მომდევნო დღეს დემონსტრაციები მომწიფებული დემოკრატიისა და ამომრჩევლის გადაწყვეტილებისადმი პატივისცემის ნიშანი არ არის,“ – ასეთი იყო 1-ელ ნოემბერს კოქსის გზავნილი.