სააკაშვილი ციხეში გადაიყვანეს 

კლინიკიდან ისევ საპატიმროში – „ვივამედის“ პალატაში გატარებული 1280 დღის შემდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი ციხეში დააბრუნეს.

ოფიციალური მიზეზი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. თუმცა, თავად ექსპრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელებისთვის მიზეზი სულ სხვაა. მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებას მხარდამჭერების დაშინების მცდელობად აფასებს, თავს კი ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს. თუ იმ განცხადებებს დავეყრდნობით, რომელიც წერილებისა და პოსტების სახით ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა საპატიმროდან უკვე გაავრცელა, მოსკოვთან შეთანხმებით „ქართული ოცნება“ მის განადგურებას გეგმავს. წამებასა და მოწამვლასთან დაკავშირებით, წარსულში გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ექსპრეზიდენტის მორიგი ბრალდებები აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. „ქართული ოცნება“ აქცენტს იმ სისხლს სამართლის საქმეებზე აკეთებს, რომელთა ნაწილზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დამდგარია, ნაწილის განხილვა კი სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს.