სააკაშვილი ახალი „მაგნიტსკის სიის“ შედგენას ითხოვს

მაშინ, როდესაც სასამართლო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავს, თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ყველა იმ პირის სანქცირებას მოითხოვენ, ვინც მათივე განცხადებით, სააკაშვილის მოწამვლასა და წამებაზეა პასუხისმგებელი. მესამე პრეზიდენტმა მის საქმესთან დაკავშირებით, ახალი „მაგნიტსკის სიის“ შედგენის მოთხოვნით, ამავე სიის ავტორს მიმართა. საპასუხო წერილში ბილ ბრაუდერი სააკაშვილს ურჩევს, მისმა გუნდმა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტები და პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, სიაზე მუშაობა რამდენიმე კვირაა აქტიურად მიმდინარეობს.

ოპონენტების მოთხოვნა მიუღებელია მმართველი გუნდისთვის, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებენ და მიიჩნევენ რომ, თუ ასეთი სია შედგება, ჩამონათვალში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და წევრები უნდა ლიდერობდნენ.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა აქვს თუ არა პერსპექტივა ახალ „მაგნიტსკის სიას“.