სააღდგომო მსახურება საქართველოს რეგიონებში

შუაღამის დადგომისას ზარების რეკვა და სააღდგომო საგალობლები ისმოდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია – მონასტერში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს. ხალხმრავლობა იყო ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ტაძარში, რომელიც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული, მორწმუნეები საზეიმო მსახურებაზე დასასწრებად შეიკრიბნენ. ალავერდის ტაძარში კი ლიტანიობა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარა.

მაცხოვრის აღდგომა, ადგილობრივებმა და სხვადასხვა რაიონიდან ჩასულმა მოქალაქეებმა მეექვსე საუკუნის ტაძარში იზეიმეს. ღამის 12 საათზე დაიწყო ღამისთევის მსახურება ახალციხეში, წმინდა მარინეს სახელობის ახალციხის საკათედრო ტაძარში. ისტორიულ სამცხეში მოქალაქეები სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას ზეიმობდნენ.

ოკუპირებული ცხინვალიდან, ზუსტად 2 კილომეტრში, სოფელ ნიქოზში, დღესასწაულის შესახვედრად მრევლი ნიქოზის ამაღლების ტაძარში შეიკრიბა. მსახურებას ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ისაია უძღვებოდა.

ლიტანიობა ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მოქმედ ტაძარშიც.