მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს – საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
49 წლის შემდეგ პირველად საქართველო აღდგომას ილია მეორის გარეშე შეხვდა, თუმცა მისი ღვაწლი და პატრიარქობის მზიანი ღამე იყო ერთ-ერთი მთავარი თემა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს სააღდგომო ეპისტოლეში. „უწმინდესი პატრიარქი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას. მისი სწავლებები დღესაც უწყვეტად, დაუცხრომლად გრძელდება ყოველ მორწმუნეში“, – ნათქვამია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის სააღდგომო ეპისტოლეში.
„ერთმანეთის მხარში დგომა, ლოცვა, ერთობა და სიყვარული არის საწინდარი იმისა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცხოვრება“, – ეს იყო მეუფე შიოს სათქმელი, რომელმაც სადღესასწაულო მსახურება სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.