რვა არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება რვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

განცხადებაში ნათქვამია რომ „მსგავსი რიტორიკა მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაძლიერდა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის და იმ განცხადების საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტებს და პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს ეხებოდა.

ამ ფაქტებზე სისტემური და სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, ფაქტობრივად ყოველდღე, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი, საზოგადოებას სთავაზობს ყურადღების გადატანას პრობლემის შინაარსიდან კრიტიკის ავტორებზე, რითიც ცდილობს დღის წესრიგიდან მოხსნას მთავარი და საკვანძო პრობლემები.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტიის სხვა სპიკერებს: უზრუნველყონ მშვიდი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს არსებობა ქვეყანაში და საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებებით ხელი არ შეუშალონ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების მუშაობას; გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები და მოითხოვონ კორუფციის, არაფორმალური მმართველობის თუ დაუსჯელობის სავარაუდო ფაქტებზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, – ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.