რუსული რუბლის კურსი მინიმალურ ნიშნულზეა

რუსული რუბლის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზეა. მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ პირველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 68 რუბლს გადააჭარბა.  რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ვარდნა რვა აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ რუბლის კურსის ვარდნა პოტენციურ სანქციებზე ბუნებრივი რეაქციაა.

რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა თურქული ლირის კურსიც. გასული კვირის ბოლოს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 2001 წლის შემდეგ მაქსიმალურად გაუფასურდა. თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.

თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ყველა ზომას მიმართავს.

დატოვე კომენტარი