უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუმინეთმა „ეფ-16“-ის ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა. ავიაგამანადგურებლები დრონს იქამდე აედევნენ, სანამ მან ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დატოვა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საფრენი აპარატი დასახლებული ტერიტორიის თავზე არ მიფრინავდა და მოსახლეობისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების მოქმედების გამო, გუშინ სამხედრო ავიაცია მუშაობდა პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც. საფრთხის ფონზე დაიხურა ლუბლინის აეროპორტი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის 10-ზე მეტი დრონი პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც შეიჭრა.