რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში

დახურული აეროპორტები და საგანგებო რეჟიმში გადაყვანილი თავდაცვის ძალები – რუსული დრონები ნატო-ს ტერიტორიაზე. რუსეთის დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ავიათავდასხმის შემდეგ ოფიციალური ვარშავა ნატო-ს წესდების მეოთხე მუხლის გააქტიურებას ითხოვს, რაც ალიანსის მოკავშირეების კონსულტაციებს გულისხმობს. პოლონეთის პრემიერი სამხედრო კონფლიქტის გაზრდილ საფრთხეზე მიუთითებს, დრონებით თავდასხმას კი მასშტაბურ პროვოკაციად აცხადებს. ოფიციალური მონაცემებით, უპილოტო აპარატებმა ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე 19-ჯერ დაარღვიეს, საპასუხოდ კი, ნატო-ს მოკავშირეებმა ავიაცია აამოქმედეს და დრონები ჩამოყარეს. საკმაოდ მწვავეა ევროპის ქვეყნების რეაქცია. მოთხოვნაა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ევროკავშირი რუსეთის მოსაზღვრე წევრ ქვეყნებს საზღვრების მონიტორინგში დახმარების პირობას აძლევს. რუსეთის საგარეო საქმეთა რწმუნებული პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.