რუსთავში მგზავრობის ტარიფის გაზრდა გააპროტესტეს

რუსთავის მერმა დღეს აქციის მონაწილეებთან ერთად „ინტერტრანსის“ კუთვნილი მიკროავტობუსი გააჩერა, საიდანაც 2 ლარის აღმნიშვნელი აბრა ჩამოხსნა და 1 და 50 თეთრიანი აბრა გააკრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსთავში ახალგაზრდებმა მგზავრობის ტარიფის გაზრდა გააპროტესტეს.

როგორც ცნობილია, 29 დეკემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი 1 და 50 თეთრიდან ორ ლარამდე გაიზარდა.

აქციის მონაწილეები მორიგ საპროტესტო აქციას სამშაბათს გამართავენ. ისინი მერიის წინ დილის 10 საათზე შეიკრიბებიან და კომპანიისგან ძველი ტარიფის დაბრუნებას მოითხოვენ.

სამშაბათს საკრებულოს სხდომა არის დაგეგმილი. პროტესტის მონაწილეები სხდომასაც დაესწრებიან.

რუსთავის მერიასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მირკოავტობუსის მძღოლებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ მგზავრებს ძველი ტარიფით, ანუ 1 და 50 თეთრად ვერ მოემსახურებიან. აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.