რუსთავის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს

წალენჯიხის და ჩხოროწყუს შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი კიდევ ერთ საკრებულოს იბარებს.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამჯერად რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. „ქართულ ოცნებას“, რომელსაც საკუთარი კანდიდატი წარდგენილი არ ჰყავდა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. გასხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომლის 16-ვე ხმა გახარიას პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ დაფიქსირდა. რუსთავის საკრებულოში გამართული კენჭისყრის შედეგები მმართველი პარტიისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმ პოზიციის გასამყარებლად, რომლის მიხედვით ყოფილი პრემიერის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშია. თუმცა ის, რაც „ქართული ოცნებისგან“ გარიგებად ფასდება, თავად გახარიას გუნდისთვის საკრებულოებში ბალანსის შენარჩუნებას ნიშნავს. რუსთავის საკრებულო ერთ-ერთია იმ შვიდი საკრებულოდან, სადაც თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა.