რუსთავის მერის განცხადება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ოპოზიციურ კოალიციას რუსთავის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. ქალაქის მერი აცხადებს, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ამჯერად ქალაქში 100 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება ჩერდება. მერის ინფორმაციით, რომელიც მან ბრიფინგზე გააჟღერა, კოალიცია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ 15, პარტია „საქართველოსთვის“ სამ და „ლელოს“ ერთი წევრისგან შედგება, უკვე მეორე წელია, რუსთავის წინააღმდეგ მუშაობს.

ნინო ლაცაბიძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა. ალეკო ბერიძე აცხადებს, რომ ქალაქის მერი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და მათ რეგლამენტი არ დაურღვევიათ. ბერიძის ინფორმაციით, შესული სამი დიდი პროექტის განსახილველად, დრო სჭირდებათ და კომისიაზე მათ სექტემბრის თვეში გაიტანენ.