რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა

რუსთავის შემოსასვლელში ყველა საცხოვრებელი სახლის აივანს ყვავილებიანი ქოთნები დაამშვენებს. 1000 ქოთნის დარიგება 10 ათასი ყვავილით დღეს დილიდან დაიწყო.

ქოთნები თამარ მეფის გამზირიდან რუსთაველის მოედნამდე ყველა ბინის აივანზე დამონტაჟდება.

აქცია, რომელიც დედებს ეძღვნებათ, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით განხორციელდა.

დღესვე ქვემო ქართლსა და რუსთავში დედის დღისადმი მიძღვნილი უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების დედებს პირადად მიულოცავს დედის დღეს.

მოგვიანებით, რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, ქალთა ნამუშევრების გამოფენა დაიწყება. 15.00 სთ-ზე კი დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომელსაც მრავალშვილიანი დედები დაესწრებიან.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის მერიის სიმბოლურ საჩუქარს, 270 ქალი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა და ხანდაზმულთა მუნიციპალური თავშესაფრის მცხოვრები მიიღებს.